მინერალები & ვიტამინები

მინერალების და ვიტამინების შემცველი პროდუქტები


რა არის ვიტამინები, მინერალები და მიკრონუტრიენტები?
გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (მაგალითად, D ვიტამინი, რომელსაც ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით თავადაც გამოიმუშავებს), ამ სასარგებლო ნივთიერებების მიღება მხოლოდ საკვების საშუალებით არის შესაძლებელი.
ვიტამინები, მინერალები და მიკრონუტრიენტები მონაწილეობენ ათასობით მეტაბოლურ და ბიოქიმიურ პროცესებში. ისინი აუცილებელია ჩვენი კუნთების, ორგანოების, იმუნური სისტემისა და გონებრივი შესაძლებლობების გამართულად ფუნქციონირებისთვის.
ეს ნივთიერებები კომპლექსურად მუშაობენ, თითქოს მექანიზმის პატარა, მაგრამ აუცილებელი ჭანჭიკები იყვნენ, რომლებიც მთლიანად ინარჩუნებენ ორგანიზმის საერთო ბალანსს.
ბუნებამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება შეგვიძლია მივიღოთ ჯანსაღი, მრავალფეროვანი კვებით. თუმცა, თანამედროვე ცხოვრების ტემპი, დამუშავებული საკვები, სტრესი ხშირად იწვევს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით აღარ მიეწოდება ეს ძვირფასი ელემენტები.
აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ და როდის უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს ის, რაც მას ნამდვილად სჭირდება.
ვიტამინები - მცირე რაოდენობით, დიდი ეფექტით!
ვიტამინები აუცილებელია სხეულის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, ისინი მონაწილეობენ ენერგიის მეტაბოლიზმში ხელს უწყობენ ცხიმების და ცილების გარდაქმნას ენერგიად, აძლიერებენ იმუნურ სისტემას და მონაწილეობენ ჰორმონების, ფერმენტების და სისხლის უჯრედების წარმოებაში.
ადამიანის ორგანიზმი ვიტამინებს თავად ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებიდან. გამონაკლისია D ვიტამინი, რომლის სინთეზიც შესაძლებელია მზის სხივების ზემოქმედებით. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „მზის ვიტამინი“.
ვიტამინები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად - ცხიმში და წყალში ხსნად ვიტამინებად.
ცხიმში ხსნადი ვიტამინებია A, D, E და K, რომელთა ათვისება მხოლოდ ცხიმთან ერთად ხდება. ამ ვიტამინების ყოველდღიური მიღება არ არის აუცილებელი, რადგან ისინი ცხიმოვან ქსოვილში გროვდებიან.
წყალში ხსნადი ვიტამინები ((B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B6, B12, ფოლატი, ბიოტინი, პანტოთენის მჟავა, ნიაცინი) და C ვიტამინი) მოქმედებენ სრულიად განსხვავებულად. ისინი ჩვენი ენერგიის და სიცოცხლის ყოველდღიური წყაროა. მათი რეგულარული მიღება აუცილებელია,რადგან ისინი - ვიტამინ B12-ის გარდა - მხოლოდ მცირე რაოდენობით გროვდებიან უჯრედებში.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინები მხოლოდ მცირე დოზით გვესაჭიროება, მათი ძალა უდიდესია - ისინი ავსებენ ორგანიზმს ენერგიით და აძლევენ სიცოცხლეს თითოეულ უჯრედს.
ცხიმში ხსნადი ვიტამინებია:
- ვიტამინი A
- ვიტამინი D
- ვიტამინი E
- ვიტამინი K
წყალში ხსნადი ვიტამინებია:
- ვიტამინი C
- ვიტამინი B1
- ვიტამინი B2
- ვიტამინი B6
- ვიტამინი B12
- ფოლიუმის მჟავა
- ბიოტინი
- პანტოთენის მჟავა
- ნიაცინი
C ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადება, სურავანდი, ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იცოდნენ, რომ ციტრუსების მიღება ხელს უწყობდა ამ დაავადების თავიდან აცილებას. თუმცა, მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაიწყო C ვიტამინის, როგორც ანტისურავანდული ფაქტორის, აქტიური შესწავლა. 1928 წელს უნგრელმა ექიმმა, ალბერტ სენტ-გიორგიმ, გამოყო ეს ნივთიერება ლიმონის წვენიდან და თავდაპირველად უწოდა მას "ჰექსურონის მჟავა". 1932 წელს დადგინდა, რომ ჰექსურონის მჟავა და C ვიტამინი ერთი და იგივე ნივთიერებაა, ხოლო 1933 წელს მას ეწოდა ასკორბინის მჟავა.
უმნიშვნელოვანესი მინერალები - კალციუმი და მაგნიუმი
მინერალები არაორგანული საკვები ნივთიერებებია, რომელთა გამომუშავებაც ჩვენს ორგანიზმს, სამწუხაროდ, თავად არ შეუძლია.
იცოდით რომ ადამიანის სხეულის დაახლოებით 35% მინერალებისგან შედგება? ეს მართლაც საოცარია!
მინერალები მონაწილეობენ თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში: ისინი უზრუნველყოფენ ძვლების და კბილების სიჯანსაღეს, ხელს უწყობენ სისხლის უჯრედების და ჰორმონების წარმოქმნას, არეგულირებენ ნერვული იმპულსების გადაცემას, ფერმენტების აქტივობას, მონაწილეობენ სისხლის შედედებაშიც.
მათი რაოდენობის მიხედვით, მინერალები იყოფა მაკროელემენტებად და მიკროელემენტებად.
მაკროელემენტები ის მინერალებია, რომლებიც ორგანიზმში შედარებით დიდი რაოდენობით გვხვდება. მათ შორისაა კალციუმი და მაგნიუმი.
კალციუმი ყველაზე მეტად ასოცირდება ძვლების და კბილების ჯანმრთელობასთან, ხოლო მაგნიუმის ნაკლებობა ხშირად ვლინდება კუნთების ტკივილით, კრამპებით და დაღლილობით.
მინერალები (აუცილებელი ელემენტები):
- მაგნიუმი (Mg)
- კალციუმი (Ca)
- კალიუმი (K)
- ნატრიუმი (Na)
- ქლორი (Cl)
- ფოსფორი (P)
- გოგირდი (S)
ჩვენი რჩევა: მინერალები წყალში იხსნება, ამიტომ ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი რეცხვა ან თერმული დამუშავება არ არის რეკომენდებული. საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, უმჯობესია მათი გამოყენება სუფებში, სოუსებსა და სხვა კერძებში, სადაც მინერალები გადადის წყალში, რაც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ სარგებელს.
მიკროელემენტები - რკინა - უმნიშვნელოვანესი მინერალი
მიკროელემენტები იგივე მინერალებია, რომლებიც ორგანიზმში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება (სხეულის მასის ერთ კგ-ზე 50 მგ-ზე <). მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა, ისინი შეუცვლელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს შორისაა სპილენძი, თუთია, მანგანუმი, მოლიბდენი, ქრომი, სელენი, კობალტი, ფტორი, სილიციუმი, რკინა და იოდი.
თუმცა არის გამონაკლისი - რკინა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მიკროელემენტად ითვლება, ორგანიზმში მისი რაოდენობა ოდნავ მაღალია - დაახლოებით 60 მგ სხეულის მასის ერთ კგ-ზე.
აუცილებელი მიკროელემენტები:
- სპილენძი
- თუთია
- მანგანუმი
- მოლიბდენი
- ქრომი
- სელენი
- კობალტი
- ფტორი
- სილიციუმი
- რკინა
- იოდი
მიკროელემენტების დეფიციტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება რკინადეფიციტური ანემია, რომელიც გამოწვეულია რკინის ნაკლებობით. მენსტრუაციის და ორსულობის პერიოდში ქალებს ხშირად აღენიშნებათ დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას, რკინის უკეთ ათვისება შეუძლია უფრო ცხოველური წარმოშობის საკვებიდან, ვიდრე მცენარეული საკვებიდან. რკინის კარგი წყაროა ქათმის ღვიძლი და კვერცხის გული, თუმცა გოგრის თესლი და სოიო ასევე შეიცავს ამ მიკროელემენტს.
ჩვენი რჩევა: C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვას. მხოლოდ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი ეხმარება რკინის უკეთ ათვისებას.