შინაარსის გამოტოვება

დიაბეტიანი პაციენტები

გაეცანით ჩვენს პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დიაბეტიანი პაციენტების განსაკუთრებულ კვებით საჭიროებებზე.

შაქრიანი დიაბეტი

„შაქრიანი დიაბეტი“ ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ქრონიკული დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია ინსულინის სეკრეციის ნაკლებობით ან ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შემცირებით. შედეგად სისხლში გლუკოზის დონე (ჰიპერგლიკემია) მკვეთრად მატულობს, რამაც მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს მეორადი დაავადებები, როგორიცაა სისხლძარღვოვანი ცვლილებები და სიბრმავეც კი. მწვავე გართულებაა, მაგალითად, ჰიპოგლიკემიური შოკი, რომელიც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

არსებობს დიაბეტის რამდენიმე ტიპი, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული და ცნობილია დიაბეტი ტიპი 1 და დიაბეტი ტიპი 2

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი , ცნობილი როგორც იუვენილური დიაბეტი, ანუ ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი - აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც აუტოაგრესიული პროცესების შედეგად ზიანდება პანკრეასის კუნძულოვანი ბეტა უჯრედები. სწორედ ამ უჯრედებში ხდება ინსულინის სინთეზი. ეს ტიპი ჩვეულებრივ ვლინდება ბავშვებსა და 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ინსულინი. დიაბეტის ეს ფორმა დიაბეტით დაავადებულთა 10%-ს აღენიშნება.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი - დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა (აღენიშნებათ დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 90%-ს), რომლის დროსაც ორგანიზმი ან ვერ რეაგირებს ინსულინზე, ან ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ნორმალური გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად. მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად ვლინდება ზრდასრულებში, მაგრამ ბოლო წლებში უფრო ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რაც განპირობებულია ჭარბი წონით. ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: არასწორი კვება, სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და გენეტიკური წინასწარგანწყობა. ტიპი 2 დიაბეტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მეტაბოლური დაავადებაა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

დიაბეტის სიმპტომები

დიაბეტის კლასიკური სიმპტომებია: პოლიდიფსია (ჭარბი წყურვილი), პოლიურია (მომატებული შარდვა), დაღლილობა, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, წონის დაკლება, მხედველობის დარღვევები, ჰიპოგლიკემია შიმშილის გრძნობით, ცივი ოფლი, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), კუნთების სპაზმი, გულისრევა და ღებინება. მწვავე გართულებებია ჰიპოგლიკემიური შოკი, დიაბეტური კეტოაციდოზი და ჰიპერგლიკემიური კომა.
 
ტიპი 1 დიაბეტი, როგორც წესი, კლასიკური სიმპტომებით ვლინდება და თითქმის ყოველთვის დიაბეტური კეტოაციდოზით იწყება.
 
მეორეს მხრივ, ტიპი 2 დიაბეტი პროგრესირებადია და ხშირად კლინიკური სიმპტომები გამოხატული არაა. დიაბეტის გართულებები, ძირითადად, სისხლძარღვოვანი ცვლილებებით (მიკრო- და მაკროანგიოპათია) არის განპირობებული, რომელთა სირთულე დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობაზე, მეტაბოლური კონტროლის ხარისხზე და თანმხლებ დაავადებებზე. ტიპი 2 დიაბეტი ხშირად დიაგნოზირებულია დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ამძიმებს მის მიმდინარეობას. ყველაზე გავრცელებულ გართულებებს შორის არის დიაბეტური რეტინოპათია (შესაძლებელია მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე), ნეფროპათია (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება), ნეიროპათია, დიაბეტური ტერფის სინდრომი და გულ-სისხლძარღვთა გართულებები. 

დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტიკური მეთოდები ერთნაირია. თუმცა, რადგან ტიპი 1 დიაბეტის სიმპტომები ხშირად აშკარაა და უეცრად ჩნდება, საჭიროა სისხლში შაქრის დონის ადრეული მონიტორინგი. მეორეს მხრივ, ტიპი 2 დიაბეტის იდენტიფიცირება შესაძლებელია სკრინინგული ტესტების მეშვეობით, რომლებიც მოითხოვს დიაბეტის  რისკის მქონე ადამიანების ტესტირებას. ესენი არიან 35 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნორმაზე მაღალი BMI, ჰიპერქოლესტერინემია, უმოძრაო ცხოვრების წესი ან დიაბეტით დაავადებული ნათესავები.

დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი მეთოდები: სისხლში და შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა - როგორც შემთხვევითი, ასევე უზმოზე ჩატარებული ტიტრაციით; გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) განსაზღვრა, რომელიც ასახავს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს ბოლო 2–3 თვის განმავლობაში; სისხლში ინსულინის დონის ტიტრაცია; შარდში კეტონების დონის განსაზღვრა; ორალური გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (OGTT).
თერაპია მოიცავს ზოგად ზომებს, როგორიცაა პაციენტის განათლება, დიეტა, რისკ-ფაქტორების შემცირება, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინის პარენტერალური მიღება, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის და გართულებული ტიპი 2 დიაბეტის დროს.

მეორადი პათოლოგიების პრევენციის მიზნით, დიაბეტით დაავადებულებმა მაქსიმალურად სტაბილურად უნდა შეინარჩუნონ მეტაბოლური ჰომეოსტაზი.